ჩვენმა უნივერსიტეტმა თავისი არსებობის მანძილზე უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის განვითარების,
მოსახლეობის ჯანმრთელობის გაძლიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.
უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ცოდნის, ინოვაციისა და პროგრესის სივრცე, სადაც სპორტი და განათლება ჰარმონიულად
ერწყმის ერთმანეთს. ჩვენ ერთად ვქმნით გარემოს, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას, არამედ
პიროვნულ ზრდასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას.
ჩვენი მიზანია უნივერსიტეტში განათლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის კიდევ უფრო კომფორტული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
ჩვენი უნივერსიტეტი არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ ძლიერი, მეგობრული და შემოქმედებით ერთობაზე დაფუძნებული საზოგადოება.
მე ვამაყობ სპორტის უნივერსიტეტის უნიკალური კულტურით, რომელიც ყველა თქვენგანის ძალისხმევით და ერთგულებით არის შექმნილი. ჩვენი მისწრაფებაა განვავითაროთ ახალი იდეები, დავნერგოთ ინიციატივები და წამოვიწყოთ პროექტები,
რომლებიც კიდევ უფრო გაგვაძლიერებს, როგორც სპორტული განათლების ეროვნული ლიდერი და საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანი დაწესებულება.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე ერთად მივაღწევთ ბევრ წარმატებას, გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას.
ტრისტან გულბიანმა 1972 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, სპორტის მასობრივი სახეების ფაკულტეტი.
1990 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ფიზიკური შრომისუნარიანობის ფაქტობრივი სტრუქტურა“, რის საფუძველზეც მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (აკადემიური დოქტორი).
ტრისტან გულბიანი 1972-1974 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტთან არსებული მწვრთნელთა სკოლის პედაგოგი.
1976 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ფეხბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის კათედრის ლაბორანტი.
1976-1990 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის პრაქტიკის საერთო ხელმძღვანელი და პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სასწავლო დარგში.
1990-2004 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის პრორექტორი, სპორტული მუშაობის დარგში.
2002-2005 წლებში – სტომატოლოგიის ინსტიტუტის კოლეჯის დირექტორი.
2004-2007 წლებში – ფეხბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის კათედრის პროფესორი.
2004-2007 წლებში – მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი.
2007-2009 წლებში – ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სასწავლო პროცესის კოორდინატორი.
2014-2015 წლებში – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მთავარი სპეციალისტი.
2015-2024 წლებში – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტთამაშების კათედრის პროფესორი და მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი.
2024 წლიდან დღემდე არის საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის წევრი;
საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი;
საქართველოს ეროვნული კატეგორიის მსაჯი, ხელბურთში;
1968-1988 წლებში – სტუდენტთა შრომითი სემესტრების რაზმის ხელმძღვანელი;
1969-1973 წლებში – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდის წევრი, ხელბურთში;
1990-2000 წლებში – სპორტის აკადემიის ხელბურთის ვაჟთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი (III ადგილი საკავშირო უნივერსიადაზე);
1994-2003 წლებში – სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი;
უნივერსიტეტის, საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი ნაშრომი;
გამოცემული აქვს სახელმძღვანელო ხელბურთში, სპორტის დარგის უმაღლესი სასწავლებლებისათვის (2013 წ).