თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) იურიდიული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
- დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
- დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
თავი II. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ფუნქციები და ამოცანებია:
- უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი წარდგენის პროცედურათა ხელშეწყობა;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტისა და სხვა ორგანოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება ან/და ამ პროექტებთან დაკავშირებით სამართლებრივი ექსპერტიზის საფუძველზე დასკვნების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წინადადებების მომზადება;
- უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოებში;
- უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების მიზნით შექმნილ საარჩევნო კომისიის მუშაობაში ჩართულობა და საარჩევნო კომისიის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ხელშეკრულებების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
- უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება და აღნიშნული ცვილებების უნივერსიტეტში იმპლემენტაციის პროცესის მონიტორიგი;
- უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
- უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით უნივერსიტეტში შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე პასუხების მომზადება;
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული პასუხებისა და კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა;
- უნივერსიტეტის საკადრო და საფინანსო საკითხების ირგვლივ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ვიზირება.
- დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს სამართლებრივი აქტების პროექტები, შეიმუშაოს წინადადებები სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, მათი ნაწილობრივ ან სრულად გაუქმების თაობაზე;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზის საფუძველზე მოამზადოს დასკვნები უნივერსიტეტისა და სხვა ორგანოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ შემუშავებულ და წარმოდგენილ სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით;
- წარმოადგინოს უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების საფუძველზე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში.
თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
- დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე.
- უნივერსიტეტის საშტატო განრიგით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული თანამდებობებია: დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იურისტი და უფროსი სპეციალისტები.
- დეპარტამენტის უფროსს, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
- დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და თანამშრომლებს თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
- დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით – 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა), აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის დავალების შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
- დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტების ფუნქციები განისაზღვრება მათი სამუშაო აღწერილობებით.
- დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.
- დეოარტამენტის მოადგილე, იურისტი და უფროსი სპეციალისტები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსი
- ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
- წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
- ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;
- ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
- ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
- წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს უნივერსიტეტის რექტორის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;
- წარუდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სახელით გასცემს დასკვნებს;
- პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
- შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
- შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
- შეიმუშავებს უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ხელშეკრულებების, სამართლებრივი აქტების პროექტებს და უზრუნველყოფს მათ სამართლებრივ ექსპერტიზას;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს უნივერსიტეტში შემოსული განცხადებების განხილვაში და ამზადებს შესაბამის სამართლებრივად დასაბუთებულ დასკვნას;
- უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებასა და აღნიშნული ცვილებების უნივერსიტეტში იმპლემენტაციის პროცესისის მონიტორიგს;
- ახორციელებს წინამდებარე დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
- დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რექტორის, დეპარტამენტის უფროსის დავალებებს.
მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
- ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
- მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
- ახორციელებს უნივერსიტეტის მმართველობის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესწავლასა და ანალიზს, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
- ახორციელებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამსახურებრივი საკითხების შესახებ იურიდიული კონსულტაციის გაწევას;
- დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რექტორის, დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
- ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რექტორის, დეპარტამენტის უფროსის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლებამოვალეობებს.
მუხლი 6. დეპარტამენტის იურისტი
დეპარტამენტის იურისტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
- წარმოადგენს უნივერსიტეტს და იცავს მის ინტერესებს სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოებში;
- უწევს სამართლებრივ კონსულტაციას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს;
- მონაწილეობს უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების მიზნით შექმნილ საარჩევნო კომისიის მუშაობაში და ახორციელებს საარჩევნო კომისიის სამართლებრივ მხარდაჭერას;
- მონაწილეობს უნივერსიტეტში (შიდა) სპორტული ტურის ფარგლებში ჩატარებული შესაბამისი კონკურსის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში შექმნილი საჩივრის განმხილველი კომისიის მუშაობაში და ახორციელებს კომისიის სამართლებრივ მხარდაჭერას.
თავი IV. დასკვნითი დებულებები
მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.