2005 წელს გიორგი ზუბიტაშვილმა ბაკალავრის ხარისხი ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მიიღო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში.
2007 წელს მან დაასრულა მაგისტრატურა იმავე აკადემიაში.
2009-2012 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერიტეტში დოქტორანტურაზე, მეცნიერთა და ხელოვნების ფაკულტეტზე. სადისერტაციო ნაშრომი დაეთმო ძიუდოისტთა სპორტული ფუნქციონირების პარამეტრების შესწავლას. მას მიენიჭა სპორტის დოქტორის აკადემური ხარისხი უმაღლესი შეფასებით – Summa Sum Laude.
2005–2007 წლებში გიორგი ზუბიტაშვილი მუშაობდა ძიუდოს მწვრთნელად სპორტის აკადემიის ჭიდაობის კათედრაზე.
2007–2018 წლებში მოღვაწეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორად და იკავებდა ადმინისტრაციულ პოზიციებს, მათ შორის სპორტის კოორდინატორის, მთავარი სპეციალისტისა და დეკანის თანაშემწის რანგში.
2013 წლიდან დღემდე იგი ასწავლის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სრული პროფესორის სტატუსით.
2017 წლიდან არის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ხოლო 2018 წლიდან ორთაბრძოლების კათედრის გამგე.
2020 წლიდან მართავს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით სამსახურს. მის სახელთან არის დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობების გაძლიერება.
გიორგი ზუბიტაშვილი ასწავლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დონეზე. ბაკალავრებისთვის კითხულობს ლექციებს ძიუდოს თეორიასა და წვრთნის საფუძვლებში, ხოლო მაგისტრებისთვის – სპორტული წვრთნის თეორიისა და სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის მეთოდოლოგიის მიმართულებით.
გიორგი ზუბიტაშვილი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მას გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სტატია, მათ შორის 8 სტატია Scopus-ისა და EBSCO-ს ბაზებში ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალებში.
2018 წელს გამოსცა სახელმძღვანელო „ძიუდოს თეორია და მეთოდიკა“ (500 გვერდი). იგი ასევე ითარგმნა ძიუდოს სამსაჯო წესების სახელმძღვანელო ინგლისურიდან ქართულად და იყო ხუთი სამეცნიერო კონფერენციის მასალების რედაქტორი.
მონაწილეობდა Erasmus+ პროგრამით აკადემიურ მობილობაში და ჩატარებული აქვს მასტერკლასები ლიეტუვისა და ბულგარეთის სპორტის უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს არაერთი პროფესიული სერტიფიკატი, მათ შორის ინგლისური ენის ცოდნისა და სწავლების დადასტურება, ასევე აზროვნების აკადემიის კურსი „AI პრაქტიკაში“.
სპორტის სფეროში გიორგი ზუბიტაშვილი წლების განმავლობაში მონაწილეობდა ქართულ ჭიდაობაში, არის ორგზის საქართველოს ჩემპიონი და სპორტის ოსტატი. 11 წელი მუშაობდა ძიუდოს ეროვნულ მსაჯად და 20 წელია ჩართულია სამსაჯო საქმიანობაში ქართულ ჭიდაობაში. იგი არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი და სპორტის დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე, რომლის ხელმძღვანელობით 2023 წელს შეიქმნა სპორტის დარგობრივი მახასიათებელი.