საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩვენს შესახებ

ისტორია

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი — სპორტული განათლებისა და მეცნიერების ერთადერთი სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან გამოცდილებას, მდიდარ ტრადიციებსა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს.

უნივერსიტეტი არის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადების უმნიშვნელოვანეს ცენტრი, რომლის მისიაა სტუდენტთა განვითარება არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის, არამედ სპორტული უნარების, ინტელექტუალური პოტენციალისა და ეთიკური ღირებულებების მიმართულებით.

სასწავლო პროცესი ეფუძნება ინოვაციურ მეთოდებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღებას და მაღალი დონის პროფესიული კომპეტენციების ჩამოყალიბებას.

ისტორია
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში განათლების ერთ-ერთი მთავარი კერაა. მისი ისტორია 1935 წლის 21 ივნისიდან იწყება, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიქმნა ფიზიკური კულტურის განყოფილება, რომელიც იმავე წელს ფაკულტეტის სტატუსით ჩამოყალიბდა. პირველი დეკანი იყო გამოჩენილი მეცნიერი და ექიმი, პროფესორი გიორგი მღებრიშვილი — სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

უნივერსიტეტის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ივანე ბერიტაშვილმა, ალექსანდრე ნათიშვილმა, რევაზ ნათაძემ, ალექსანდრე ხმალაძემ, გიორგი მერკვილაძემ, მიხეილ გორგაძემ, გიორგი ეგნატაშვილმა, ალექსანდრე ბაქრაძემ და სხვა გამოჩენილმა მეცნიერებმა და სპორტის მოღვაწეებმა. მათი როლი ფასდაუდებელია როგორც აკადემიური განვითარების, ისე სპორტის სისტემური ჩამოყალიბების კუთხით.

1938 წელს, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, რომლის პირველი ხელმძღვანელი იყო თედო სხირტლაძე. მიუხედავად საწყისი სირთულეებისა — ინფრასტრუქტურის სიმცირე და შეზღუდული რესურსები — ინსტიტუტი სწრაფად განვითარდა და სპორტული განათლების მყარ საფუძვლად იქცა.

განვითარების ეტაპები

  • 1939 წელს ინსტიტუტმა წარადგინა პირველი გამოშვება — 93 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.
  • მეორე მსოფლიო ომის წლებში ინსტიტუტი აქტიურად ეხმაურებოდა ფრონტის საჭიროებებს: მოამზადა ათასობით სამხედრო სპეციალისტი, მათ შორის — ხელჩართული ბრძოლის ინსტრუქტორები, მოცურავეები და მოთხილამურეები. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ეხმარებოდნენ დაჭრილ მებრძოლებს, ატარებდნენ სამკურნალო ფიზკულტურის სესიებს. გმირული წარსულით გამოირჩევიან, მათ შორის, ვახტანგ ლეჟავა, რომლის სახელობის ტურნირი 1971 წლიდან ტარდება.
  • 1955 წლიდან ინსტიტუტი ფუნქციონირებს ახალ შენობაში, განვითარებული სასწავლო-სპორტული ინფრასტრუქტურით — სპორტული დარბაზებით, აუზებით, ლაბორატორიებით, ღია მოედნებით და ბაკურიანის სათხილამურო ბაზით. ჩამოყალიბდა მწვრთნელთა სკოლა ფილიალებით ბათუმში, ქუთაისში, სოხუმსა და ცხინვალში.
  • ინსტიტუტი იქცა რეგიონულ აკადემიურ ცენტრად. კურსდამთავრებულები მოღვაწეობდნენ როგორც სსრკ-ის რესპუბლიკებში, ასევე კუბაში, ირანში, ავღანეთში, გერმანიაში, ალჟირში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში.
  • 1980-1990-იან წლებში ინსტიტუტი რეგიონული ლიდერი გახდა. 1989-1992 წლებში აქ ფუნქციონირებდა ამიერკავკასიასა და შუა აზიაში ერთადერთი სადისერტაციო საბჭო სპორტის თეორიისა და მეთოდიკის მიმართულებით, სადაც დაცული იქნა 30-ზე მეტი საკანდიდატო ნაშრომი. ინსტიტუტის ასპირანტურა ამზადებდა პედაგოგიურ კადრებს, ხოლო სპეციალური კურსები — უცხოელი სპეციალისტების პროფესიულ გადამზადებას.
  • ინსტიტუტის ფარგლებში ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი პროფესიების ფაკულტეტი — სპორტული ჟურნალისტიკის, ტურიზმისა და რეაბილიტაციის მიმართულებებით.
  • სასწავლებელმა 22,000-ზე მეტი კურსდამთავრებული მოამზადა. მათი ნაწილი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და რეკორდსმენები არიან, მათ შორის: დავით ციმაკურიძე, მედეა ჯუღელი, გივი კარტოზია, ნუგზარ ასათიანი, ლევან თედიაშვილი, ვიქტორ სანეევი, ლერი ხაბელოვი, ნინო სალუქვაძე, ზურაბ ზვიადაური, ბორის პაიჭაძე, ნოდარ ახალკაცი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია და სხვები.


თანამედროვე ეტაპი

  • 2007 წელს უნივერსიტეტი მთავრობის გადაწყვეტილებით შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, თუმცა არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფდა მისი დამოუკიდებელი განვითარების გაგრძელებას.
  • 2013 წელს სასწავლებელმა კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ფუნქციონირებას განაგრძობს როგორც საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • 2014 წელს გაიარა სახელმწიფო ავტორიზაცია და შვიდწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა სტუდენტების მიღება.
  • 2015 წლიდან უნივერსიტეტი არის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის წევრი და აქტიურად მონაწილეობს მისი ეგიდით მიმდინარე სამეცნიერო კონგრესებში.


მნიშვნელოვანი ღირებულებები და პრიორიტეტები

  • სპორტული განათლების ლიდერობა – კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს ქვეყნისა და მსოფლიოს სპორტულ სივრცეში.
  • საერთაშორისო აღიარება – აკადემიური პერსონალის სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა აღიარებულია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
  • ინტერნაციონალიზაცია – ხელს ვუწყობთ სტუდენტურ და აკადემიურ მობილობას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად.
  • ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა – უნივერსიტეტი აქტიურად ხელს უწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
  • პერსონალის პროფესიული განვითარება – ვქმნით მოტივირებულ, შემოქმედებით და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს.
  • პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა – ვზრდით მოტივირებულ ახალგაზრდებს მაღალი სამოქალაქო ცნობიერებით.
  • საერთაშორისო იმიჯის განმტკიცება – ჩვენი საქმიანობა ემსახურება ქვეყნის ცნობადობისა და იმიჯის ამაღლებას გლობალურ დონეზე.