მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას, უფლებამოსილებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
- დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
- მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
- დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ფუნქციები
- დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობის სფეროა მატერიალური რესურსების მართვა. დეპარტამენტმა მატერიალური რესურსების ეფექტიანად მართვის საფუძველზე უნდა უზრუნველყოს:
- უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისათვის სწავლის, შრომისა და სამეცნიერო- კვლევითი მუშაობის ნორმალური პირობების შექმნა;
- უნივერსიტეტის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის ოპტიმალური რეჟიმის დადგენა;
- მატერიალურ ფასეულობათა მიღება და მოვლა-პატრონობა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
- დეპარტამენტის ფუნქციებს წარმოადგენს:
- უნივერსიტეტის საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში, სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო საშუალებების, საკომუნიკაციო სისტემების, ცენტრალური გათბობის სისტემის, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის და სხვა მატერიალური რესურსის აღრიცხვა და მოვლა-პატრონობა;
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ავეჯით, მოწყობილობებით, სპორტული ინვენტარით, იარაღებით, საგანმანათლებლო, საწვრთნელო, სამეცნიერო, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობისათვის ან/და სპორტული/კულტურული/შემოქმედებით აქტივობისათვის საჭირო სხვა საქონლით/ინვენტარით/აღჭურვილობით საჭიროებისამებრ მომარაგება და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მონიტორინგი;
- შენობა-ნაგებობების, კაბინეტ-ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, სპორტული მოედნებისა და დარბაზების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობა;
- უნივერსიტეტის საქმიანობის პროცესში პერსონალის, სტუმრების ტრანსპორტირება (სასწავლო პრაქტიკა, კონფერენციები, მივლინება, საერთაშორისო ვიზიტები და სხვა);
- უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მომარაგება საჭირო მასალებით, სამეურნეო/ საკანცელარიო ინვენტარით;
- უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების, დამხმარე შენობა-ნაგებობების, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა, დასუფთავება, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის/ უტილიზაციის პროცესის ორგანიზება;
- მოწყობილობების, განათების, გათბობის, საკანალიზაციო, წყალგაყვანილობის, მიწისქვეშა კომუნიკაციების, სანტექნიკის და სხვა სისტემების გამართული ფუნქციონირებასა და მათი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი, კომუნალური გადასახდელების უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში გადახდის პროცესის ინიცირება;
- უნივერსიტეტის შენობა–ნაგებობებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
- ავტოფარეხის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწორ და გამართულ მუშაობაზე ზედამხედველობა და კონტროლი. ავტოფარეხის საწვავით, საცხებ-საპოხი მასალებით, სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების მიზნით შესაძენი მატერიალური ფასეულობებისა და სარემონტო სამუშაოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
- უნივერსიტეტში ჩასატარებელი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, პროექტით გათვალისწინებული სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოების ორგანიზებული წარმართვა, სამუშაოს შესრულების ზედამხედველობა;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა და შესაბამისი წინადადებების ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
- აღწერა/ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა; უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული, ამორტიზებული და ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი, ჩამოსაწერი ქონების შესახებ წინადადებების მომზადება და წარდგენა;
- სხვა აქტივობების განხორციელება, რაც დაკავშირებულია უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ უნივერსიტეტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან.
- დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას, უფლებამოსილია:
- კანონით დადგენილი წესით აწარმოოს სტატისტიკა და განახორციელოს დეპარტამენტის საქმიანობის ანალიზი;
- მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი.
- დეპარტამენტი პასუხისმგებელია:
- ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების და ამოცანების შესრულებაზე;
- დეპარტამენტის სარგებლობაში მქონე მატერიალური რესურსის მოვლა-პატრონობაზე.
მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა
- დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის სტრუქტურაში შედიან დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები.
- დეპარტამენტის უფროსს რექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.
- უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობებია: დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი, სპეციალისტი.
- დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
- დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და თანამშრომლებს თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
- დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით – 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა), აგრეთვე დეპარტამენტის უფროსის დავალების შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
- დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
- დასუფთავების განყოფილება.
მუხლი 4. დეპარტმენტის უფროსი
- დეპარტამენტის უფროსი:
- ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას:
- ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
- პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
- აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ფუნქციების შესრულებას;
- პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
- უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს;
- ახორციელებს დეპარტამენტის და მისი სტრუქტურული ერთეულების წლიური გეგმის შესრულების კონტროლს და ახდენს დაქვემდებარებული პირების წლიურ შეფასებას. შეფასების საფუძველზე სათანადო წინადადებების წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და რექტორთან;
- ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს რეკომენდაციებს და წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ასევე შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
- ასრულებს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მითითებებს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
- დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
- დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
- ასრულებს კომპეტენცის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
- ხელს აწერს მომზადებულ დოკუმენტაციას, იძლევა სათანადო დასკვნებს, შეისწავლის და წარმოადგენს წინადადებებს, პროექტებს და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას მასზე დაკისრებული მოვალეობებისა და ცალკეული დავალებების ფარგლებში;
- აკონტროლებს დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს და დეპარტამენტის უფროს წარუდგენს კვარტალურ ანგარიშს;
- კოორდინაციას უწევს კომუნალური მომსახურების და გათბობის უზრუნველყოფას;
- ორგანიზებას უწევს სასაწყობო მეურნეობის მოწესრიგებას, დამხმარე ნაგებობების ეფექტურად გამოყენებას;
- ვალდებულია უზრუნველყოს შენობა–ნაგებობებისა და ინვენტარის მოვლა– პატრონობა; ზ) უზრუნველყოფს აღწერა-ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარებას დადგენილი წესით; თ) ახორციელებს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასებას;
- ასრულებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე;
- ასრულებს ამ დებულებით, შინაგანაწესით, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს;
- დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.
მუხლი 6. დასუფთავების განყოფილება
დასუფთავების განყოფილება უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შენობა ნაგებობების და მის ტერიტორიების დასუფთავებას და ჰიგიენური ნორმების დაცვას.
მუხლი 7. დასუფთავების განყოფილების უფროსი
- დასუფთავების განყოფილების უფროსი:
- ზედამხედველობს უნივერსიტეტში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სისუფთავის და ჰიგიენური პირობების/ ნორმების დაცვას;
- აწარმოებს დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის მიღება/აღრიცხვას და ახორციელებს შენახვა/გაცემის კონტროლს;
- ანაწილებს დაქვემდებარებაში არსებული თანამშრომლებს შორის ფუნქცია მოვალეობებს და ადგენს მათ სამუშაო გრაფიკს;
- ახორციელებს შესრულებული სამუშაოს მონიტორინგს;
- კვარტალში ერთხელ განყოფილების საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
- ასრულებს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 8. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი
დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტის უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განსაზღვრულია მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებითა და სამუშაო აღწერილობებით.
მუხლი 9. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. დეპარტამენტის რეორგანზიაცია და ლიკვიდაცია
დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.