Georgian State
University of Sport

სამართლებრივი აქტები
მთავარი ჩვენს შესახებ სამართლებრივი აქტები საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/პირთა/სტუდენტთა მისაღები კონკურსის (სპორტული ტური) დებულება

საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა/პირთა/სტუდენტთა მისაღები კონკურსის (სპორტული ტური) დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. წინამდებარე დებულება (შემდგომ – დებულება) არეგულირებს სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომ – უნივერსიტეტი) სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა/პირთა/სტუდენტთა მისაღები კონკურსის (შემდგომ – სპორტული ტური) წარმართვის წესს, პირობებს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, განსაზღვრავს სპორტული ტურის ჩატარების პროცესში ჩართული პირების უფლება-მოვალეობებს.
  2. ამ დებულების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანება, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანება, კონვენციები და სხვა ნორმატიული აქტები.


მუხლი 2. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

  1. სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება სპორტული ტურის ფარგლებში შესაბამისი კონკურსისა და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით.
  2. უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების და სპორტული ტურის ფარგლებში შესაბამისი კონკურსის საფუძველზე.
  3. მწვრთნელთა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირი ვალდებულია გაიაროს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მისაღები სპორტული ტური, რითაც დაადასტურებს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი უნარების ფლობას საერთო ფიზიკურ მომზადებაში. ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.
  4. აბიტურიენტები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლით აპირებენ სწავლას სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიარონ შესაბამისი სპორტული ტური, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით.
  5. სპორტული ტურის ფარგლებში გამოცდები ტარდება საერთო ფიზიკურ მომზადებაში, რომლის ადმინისტრირებას ახდენს უნივერსიტეტი. ამ მიზნებისთვის უნივერსიტეტის სპორტული ტურის საორგანიზაციო კომისიის პასუხისმგებლობაში შედის მხოლოდ სპორტული ტურის ორგანიზება და სპორტულ ტურზე რეგისტრაციის მიზნით აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავება/გადაცემა სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისათვის.
  6. სპორტული ტურის შედეგების მიხედვით დგინდება სპორტული კონდიციებისა და შრომისუნარიანობის დონე საერთო ფიზიკურ მომზადებაში. შედეგების საფუძველზე დგინდება იმ აბიტურიენტთა/პირთა/სტუდენტთა ნუსხა, რომლებიც მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  7. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ:
    • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით და წარმატებით გაიარეს სპორტული ტური;
    • საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში და წარმატებით გაიარეს სპორტული ტური;
    • უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და წარმატებით გაიარეს სპორტული ტური;
    • საქართველოს მოქალაქეებს (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და წარმატებით გაიარეს სპორტული ტური;
    • საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებს, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები გახდებიან სპორტული ტურის გავლის გარეშე.


მუხლი 3. სპორტულ ტურზე რეგისტრაცია და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  1. სპორტულ ტურზე რეგისტრაციის ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
  2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან უნივერსიტეტში მობილობის შემთხვევაში, სპორტული ტურის ჩატარების ვადები განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დადგენილი მობილობის ვადების გათვალისწინებით.
  3. სპორტულ ტურში მონაწილეობის მიზნით აბიტურიენტი/პირი/სტუდენტი ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს უნივერსიტეტში რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში.
  4. სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურია 50 ლარი. თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის სახაზინო კოდზე: 709 027 519.
  5. სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან ამ დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები.
  6. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი/პირი/სტუდენტი შშმ ან/და სსსმ პირია და საჭიროებს სპეციფიკურ გარემოს, აღნიშნული უნდა მიუთითოს განცხადებაში და წარმოადგინოს სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დანიშნულებაში აღნიშვნის – „სპორტული ტური“, აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის პირადი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით.
  7. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სპორტულ ტურზე რეგისტრაცია წარმოებს საბუთების მიღების გამოცხადებიდან არანაკლებ ერთი თვისა.
  8. საბუთების მიღებას აწარმოებს რექტორის ბრძანებით განსაზღვრული საორგანიზაციო კომისია, რომელიც ვალდებულია მიღებული დოკუმენტაციის სრული პაკეტი წარუდგინოს სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს. აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის მიერ სპორტულ ტურზე რეგისტრაციის მიზნით უნივერსიტეტში წარსადგენი განაცხადისა და დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში საორგანიზაციო კომისია გასცემს სარეგისტრაციო ბარათს (იხ. დანართი N7), რასაც ორივე მხარე ადასტურებს ხელმოწერით.
  9. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სპორტულ ტურზე რეგისტრაციისთვის, აბიტურიენტი უნივერსიტეტში ავსებს სარეგისტრაციო ანკეტას (იხ. დანართი N4) და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • ბ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100);
    • 1 ფოტოსურათი (ზომა 3×4), რომლებიც CD-ის დისკზეც უნდა იყოს ჩაწერილი;
    • დ) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბაზაში www.online.naec.ge რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დანიშნულებაში აღნიშვნის – „სპორტული ტური“, აბიტურიენტის პირადი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით;
    • არასრულწლოვანი აბიტურიენტისათვის სავალდებულოა გამოცხადდეს მშობლის (მეურვე) ან მეურვის მიერ მინდობილი პირის თანხლებით და წარადგინოს დაბადების მოწმობის ასლი და მინდობილობა (მინდობილი პირის შემთხვევაში).
  10. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით სპორტულ ტურზე რეგისტრაციისთვის, პირი უნივერსიტეტში ავსებს სარეგისტრაციო ანკეტას (იხ. დანართი N5) და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100);
    • 1 ფოტოსურათი (ზომა 3×4), რომლებიც CD-ის დისკზეც უნდა იყოს ჩაწერილი;
    • უმაღლესი განათლების ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან/და მოთხოვნისამებრ, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების თაობაზე;
    • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს (მხოლოდ ვაჟებისთვის);
    • სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – დანიშნულებაში აღნიშვნის – „სპორტული ტური“, პირის პირადი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით.
  11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან უნივერსიტეტში მობილობის შემთხვევაში, სპორტულ ტურზე რეგისტრაციისთვის, სტუდენტი უნივერსიტეტში ავსებს სარეგისტრაციო ანკეტას (იხ. დანართი N6) და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
    • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100);
    • 1 ფოტოსურათი (ზომა 3×4), რომლებიც CD-ის დისკზეც უნდა იყოს ჩაწერილი;
    • სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დანიშნულებაში აღნიშვნის – „სპორტული ტური“, სტუდენტის პირადი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით.
  12. სარეგისტრაციო ბარათში მითითებულია სპორტულ ტურზე მონაწილეობის წესი, სპორტული ტურის ჩატარების ადგილი და თარიღი. მიღებული დოკუმენტაციის სრული პაკეტის სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენით საკონკურსო კომისია ასრულებს მუშაობას.
  13. სპორტულ ტურზე გამოცხადებისას აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის სარეგისტრაციო ბარათი ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სპორტულ ტურში.
  14. აბიტურიენტი/პირი/სტუდენტი ვალდებულია სპორტულ ტურზე გამოცხადდეს დანიშნულ დროზე, წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და უნივერსიტეტის მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათი.


მუხლი 4. სპორტული ტურის შეფასების სისტემა

  1. სპორტული ტური ერთეტაპიანია. ტური ითვალისწინებს საერთო ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარებას.
  2. სპორტული ტური ფასდება სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის მიერ 75 ქულიანი სისტემით.
  3. ბაკალავრიატის საფეხურზე, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით მისაღებ სპორტულ ტურში აბიტურიენტის/სტუდენტის შეფასება ხდება შესაბამის აქტივობაში დადგენილი ნორმატივების შესაბამისად (იხ. დანართი N1; „საბაკალავრო პროგრამის (ფიზიკური აღზრდა და სპორტი – მწვრთნელი) მისაღები სპორტული ტურის ნორმატივები საერთო ფიზიკურ მომზადებაში“). სასპორტო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სპორტული ტურის ნორმატივები საერთო ფიზიკურ მომზადებაში მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
    • რბენა 100 მ-ზე (გოგონები და ვაჟები) – მაქსიმალური 25 ქულა.
    • ადგილიდან სიგრძეზე ხტომა (გოგონები და ვაჟები) – მაქსიმალური 25 ქულა.
    • ღერძზე მიზიდვა (ვაჟები) – მაქსიმალური 25 ქულა.
    • მკლავების მოხრა-გაშლა ტანვარჯიშულ სკამზე (გოგონები) – მაქსიმალური 25 ქულა.
  4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (ფიზიკური აღზრდა და სპორტი) ჩარიცხვის მიზნით სპორტულ ტურში პირის შეფასება ხდება შესაბამის აქტივობაში დადგენილი ნორმატივების შესაბამისად (იხ. დანართი N2; „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ფიზიკური აღზრდა და სპორტი) მისაღები სპორტული ტურის ნორმატივები საერთო ფიზიკურ მომზადებაში“), კერძოდ:
    • რბენა 30 მ-ზე (ქალები და კაცები) – მაქსიმალური 25 ქულა;
    • ადგილიდან სიგრძეზე ხტომა (ქალები და კაცები) – მაქსიმალური 25 ქულა;
    • მკლავების მოხრა- გაშლა ტანვარჯიშულ სკამზე (ქალები და კაცები) – მაქსიმალური 25 ქულა.
  5. სპეციალური საჭიროების მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მოქმედებს განსხვავებული ნორმატივები (იხ. დანართი N3, „მისაღები სპორტული ტურის ნორმატივები საერთო ფიზიკურ მომზადებაში, შშმ და სსსმ პირებისთვის“).
  6. სპეციალური საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის მიერ წარმოდგენილი სსსმ პირისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის/შშმ პირისთვის შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სამედიცინო დოკუმენტაციის და განაცხადის შესწავლის საფუძველზე, სპორტული ტურის ფარგლებში წინამდებარე დებულების დანართი N3-ით განსაზღვრული აქტივობების ადაპტაციის მიზნით, უნივერსიტეტი უფლებამოსილია შექმნას სპეციალური მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც მიზანშეწონილობის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას არსებული ნორმატივების გადახედვის თაობაზე სპეციალური საჭიროების გათვალისწინებით. ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ბრძანების საფუძველზე აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახული საჭიროების გათვალისწინებით.
  7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიენტი/პირი/სტუდენტი ვალდებულია სპორტულ ტურზე რეგისტრაციის მიზნით სსსმ პირისთვის სამედიცინო დოკუმენტაციასთან/შშმ პირისთვის შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენთან და სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად წარმოსადგენ განაცხადში მიუთითოს არსებული ნორმატივების გადახედვის და მისი ალტერნატიული ვარიანტით შეცვლის საჭიროების თაობაზე. ამ შემთხვევაში, სპეციალური მულტიდისციპლინური ჯგუფი რექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება სსსმ ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის სპორტულ ტურზე რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში. სპეციალური მულტიდისციპლინური ჯგუფი 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს განაცხადს და თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას.


მუხლი 5. სპორტული ტურის საკონკურსო კომისია

  1. სპორტული ტურის საკონკურსო კომისია სპორტული ტურის ჩატარებამდე არანაკლებ 10 დღისა იქმნება რექტორის ბრძანების საფუძველზე. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. საკონკურსო კომისიის საორგანიზაციო საქმიანობას და დოკუმენტირებას ახდენს საკონკურსო კომისიის მდივანი. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ამავდროულად არიან სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის წევრები.
  2. სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის რაოდენობას, მათი ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს და თავმჯდომარესა და მდივანს ბრძანებით ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.
  3. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია თუ სპორტულ ტურს ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით.
  4. საკონკურსო კომისიის წევრთა შემადგენლობაში ინტერესთა შეუთავსებლობა რეგულირდება საქართველოს კანონით – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.


მუხლი 6. სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის უფლება-მოვალეობები

  1. სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია:
    • სპორტულ ტურზე გამოცხადდეს მითითებულ მისამართზე ერთი საათით ადრე;
    • სპორტული ტურის მონაწილეებს გააცნოს წესები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან კონკურსის მსვლელობის დროს;
    • შესაბამის უწყისში დაიტანოს აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის შედეგი და შესაბამისი ქულა, რომელსაც ადგილზე გააცნობს მას და ორივე მხარე ხელმოწერით დაადასტურებენ მიღებულ შედეგს;
    • თვალყური ადევნოს სპორტული ტურის მიმდინარეობას და წინამდებარე წესით განსაზღვრული დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
    • სპორტული ტურის კონკურსიდან აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის მოხსნის შემთხვევაში, შეადგინოს ოქმი შესაბამისი მიზეზის დაკონკრეტებით;
    • უპასუხოს აბიტურიენტს/პირს/სტუდენტს პროცედურულ და ტექნიკურ საკითხებზე;
    • სპორტული ტურის კონკურსის მიმდინარეობისას იმოქმედოს ეთიკის ნორმების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის და მოუკერძოებლობის პრინციპების დაცვით;
    • აწარმოოს სპორტული ტურის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაცია და ხელმოწერით დაადასტუროს მონაცემის უტყუარობა;
    • სპორტული ტურის დაწყებამდე მონაწილეობა მიიღოს აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლაში;
    • აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის ცნობაზე (ფორმა N100) დაყრდნობით, მოითხოვოს მხოლოდ ერთი ან ორი აქტივობის ჩაბარება; ლ) არ დაუშვას რაიმე სახის დისკრიმინაცია.
  2. ამ მუხლის პირველი პუნტის „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ანაწილებს საკონკურსო კომისიის წევრებზე.
  3. სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია:
    • უხელმძღვანელოს სპორტული ტურის საკონკურსო პროცედურებს;
    • ხელმოწერით დადასტუროს კონკურსის ეტაპებზე წარმოებული დოკუმენტაციის ფარგლებში მონაცემების უტყუარობა;
    • გადასცეს უნივერსიტეტის რექტორს სპორტული ტურის კონკურსის ფარგლებში წარმოებული დოკუმენტაცია, მათ შორის სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარსადგენი მონაცემები.
    • გაანაწილოს ფუნქცია-მოვალეობები საკონკურსო კომისიის წევრებს შორის;
    • მიიღოს გადაწყვეტილება სპორტული ტურის წინსწრებით ჩატარების ან სპორტული ტურის ჩატარებისთვის დამატებითი თარიღის განსაზღვრის შესახებ წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
  4. სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის მდივანი ვალდებულია:
    • უზრუნველყოს სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის მიერ წარმოებული დოკუმენტაციის წარმოება;
    • ხელმოწერით დაასტუროს სპორტული ტურის ფარგლებში წარმოებული დოკუმენტაციის მონაცემების უტყუარობა.
  5. კონკურსის მსვლელობისას სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის წევრს ეკრძალება:
    • აბიტურიენტისათვის/პირისთვის/სტუდენტისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
    • მიკერძოებული დამოკიდებულება, აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის დისკრიმინაცია რაიმე ფორმით.
  6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის წევრი მოიხსნება სპორტული ტურის საკონკურსო კომისიიდან.
  7. სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის წევრის უფლებაა მოითხოვოს სპორტული ტურის შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის აუცილებელი პირობები და რესურსი.


მუხლი 7. სპორტული ტურის ჩატარების პროცედურები და შედეგების გამოქვეყნება

  1. აბიტურიენტი/პირი/სტუდენტი ვალდებულია, სპორტულ ტურზე გამოცხადდეს         შესაბამის სპორტულ ფორმაში (სპორტული შარვალი/შორტი, სპორტული მაისური, სპორტული ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი), ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე მითითებულ მისამართზე და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტის ასლი და სპორტული ტურზე რეგისტრაციის ბარათი.
  2. სპორტულ ტურზე რეგისტრაციის ბარათი წარმოადგენს საშვს სპორტულ ტურზე.
  3. კონკურსის დაწყებამდე საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მოკლედ გააცნობს აბიტურიენტებს/პირებს/სტუდენტებს სპორტული ტურის ჩატარებისა და მუშაობის წესებს, მათ უფლება-მოვალეობებს.
  4. სპორტული ტურის მიმდინარეობას მოემსახურება სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
  5. ჯანმრთელობის გაუარესებით გამოწვეული შედეგის დადგომისას, ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელება დასაშვებია სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანხმობის და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე.
  6. სპორტული ტურის მიმდინარეობისას თუ აბიტურიენტი/პირი/სტუდენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ აგრძელებს სპორტულ ტურში მონაწილეობას, მას უწყისში უფორმდება მხოლოდ ის ქულები, რაც დააგროვა ჯანმრთელობის გაუარესებამდე.
  7. საკონკურსო კომისია სპორტული ტურის მიმდინარეობისას აბიტურიენტს/პირს/სტუდენტს ადგილზე აცნობს შესაბამის აქტივობაში მის შედეგს და ქულას, რასაც აბიტურიენტი/პირი/სტუდენტი ხელმოწერით ადასტურებს უწყისში.
  8. სპორტული ტურის შედეგები ქვეყნდება სპორტული ტურის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, ელექტრონულ ფორმატში უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.


მუხლი 8. აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის მიერ სპორტული ტურის წინსწრებით ჩაბარება

  1. თუ აბიტურიენტი/პირი/სტუდენტი საერთაშორისო შეჯიბრში იღებს მონაწილეობას და უნივერსიტეტში წარმოადგენს საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის თაობაზე შესაბამისი ფედერაციის მიერ გაცემულ დოკუმენტს, მას უფლება აქვს მოითხოვოს სპორტული ტურის ჩაბარება ტურის ჩატარებამდე არაუმეტეს 10 დღით ადრე.
  2. აბიტურიენტს/პირს/სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს სპორტული ტურის წინსწრებით ჩაბარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამ შემთხვევაში მან უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.
  3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის მიერ სპორტული ტურის წინსწრებით ჩაბარების თაობაზე განცხადება შესაბამის დოკუმენტ(ებ)თან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს სპორტული ტურის საკონკურსო კომისიის სახელზე.
  4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში რექტორის ბრძანებით განისაზღვრება სპორტული ტურის წინსწრებით ჩატარების თარიღი.


მუხლი 9. სპორტული ტურის ჩატარებისათვის დამატებითი თარიღის განსაზღვრა

სპორტულ ტურზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებელ აბიტურიენტს/პირს/სტუდენტს უფლება აქვს სპორტული ტურის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მოითხოვოს დამატებითი ტურის ჩატარება, შემდეგ შემთხვევებში:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა არანაკლებ ერთი დღე-ღამით, შესაბამისი ცნობის საფუძველზე;
  • ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო, გარდაცვალების ცნობის საფუძველზე;
  • იღებს მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრში, საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის თაობაზე შესაბამისი ფედერაციის მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე.


მუხლი 10. სპორტულ ტურში მონაწილე აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის უფლება-მოვალეობანი

  1. სპორტულ ტურში მონაწილე აბიტურიენტი/პირი/სტუდენტი ვალდებულია:
    • სპორტულ ტურზე გამოცხადდეს შესაბამის სპორტულ ფორმაში, მითითებულ მისამართზე;
    • გაიაროს რეგისტრაცია სპორტული ტურის დაწყებამდე და შესაბამის უწყისში ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება;
    • სპორტულ ტურზე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტის ასლი და სპორტული ტურის სარეგისტრაციო ბარათი;
    • სპორტული ტურის მიმდინარეობის დროს დაიცვას ნორმატივის შესრულების წესი (იხ. დანართი №8), ზუსტად შეასრულოს საკონკურსო კომისიის წევრთა ინსტრუქციები და დაემორჩილოს მათ გადაწყვეტილებებს;
    • სპორტული ტურის მიმდინარეობისას დაიცვას ეთიკისა და ამ წესით გათვალისწინებული ნორმები.
  2. სპორტული ტურის მსვლელობისას აბიტურიენტს/პირს/სტუდენტს ეკრძალება:
    • სხვა აბიტურიენტისათვის/პირისთვის/სტუდენტისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
    • სპორტული ტურის ჩატარების ადგილის უნებართვოდ დატოვება.
  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, აბიტურიენტს/პირს/სტუდენტს მიეცემა გაფრთხილება, რაც საკონკურსო კომისიის მიერ ფორმდება ოქმით.
  4. გაფრთხილების მიუხედავად, მოთხოვნების განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ ფორმდება ოქმი აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის სპორტული ტურიდან მოხსნის შესახებ.
  5. აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის უფლებებია:
    • მოითხოვოს სპორტული ტურის შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის აუცილებელი პირობები;
    • სპორტულ ტურზე შეიტანოს მხოლოდ სასმელი წყალი;
    • საჭიროების შემთხვევაში, ხელის აწევით მიმართოს საკონკურსო კომისიის წევრს შეკითხვით, ისე, რომ ხელი არ შეუშალოს სხვა აბიტურიენტს/პირს/სტუდენტს;
    • კონკურსის შედეგების გამოქვეყნებიდან 1 სამუშაო დღეში გაასაჩივროს შედეგები.


მუხლი 11. სტუდენტური თვითმმართველობის წარდგინებით შექმნილი ჯგუფის შემადგენლობა და ჯგუფის წევრთა უფლება-მოვალეობანი

  1. სპორტულ ტურში აბიტურიენტების/პირის/სტუდენტის ინტერესების დაცვის და პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სტუდენტური თვითმმართველობის წარდგინებით იქმნება ჯგუფი, რომელიც აკვირდება სპორტული ტურის მიმდინარეობას. ჯგუფის საქმიანობის პრინციპებია სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა. ჯგუფის შემადგენლობა მტკიცდება რექტორის ბრძანებით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯგუფი შედგება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ შერჩეული 5 წევრისაგან. ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომელსაც ირჩევს თავად ჯგუფი ხმათა უმრავლესობით.
  3. სტუდენტური თვითმმართველობა ჯგუფის წევრთა კანდიდატებს წარადგენს სპორტული ტურის ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
  4. ჯგუფის წევრთა უფლება-მოვალეობებია:
    • მისაღები სპორტულ ტურზე გამოცხადდეს მითითებულ მისამართზე ერთი საათით ადრე;
    • თვალყური ადევნოს სპორტული ტურის მიმდინარეობას ისე, რომ ხელი არ შეუშალოს პროცესებს;
    • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო კომისიის სამუშაო პროცესში როგორც პროცესის დამკვირვებელი;
    • დაიცვას სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპი;
    • არ დაუშვას რაიმე სახის დისკრიმინაცია;
    • სპორტული ტურის მსვლელობისას მისცეს რეკომენდაცია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს.


მუხლი 12. სპორტული ტურის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

  1. სპორტული ტურის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიებს/საჩივრებს განიხილავს სააპელაციო კომისია.
  2. სააპელაციო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. სააპელაციო კომისიის საორგანიზაციო საქმიანობას და დოკუმენტირებას ახდენს სააპელაციო კომისიის მდივანი. სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ამავდროულად არის სააპელაციო კომისიის წევრი.
  3. სპორტული ტურის სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან კომისიის პირველ სხდომაზე, დამსწრეთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრის წესით.
  4. სააპელაციო კომისიის შემადგენლობა შედგება არანაკლებ 3 წევრისგან.
  5. სააპელაციო კომისია უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება სააპელაციო კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სააპელაციო კომისია გადწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით.
  6. აბიტურიენტი/პირი/სტუდენტი უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურში რექტორის ბრძანებით შექმნილ სააპელაციო კომისიის სახელზე სპორტული ტურის შედეგების გამოცხადებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო კომისია სააპელაციო განცხადებას განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სპორტული ტურის უნივერსიტეტის ვებგვერდზე პირველადი შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღის ვადაში.
  7. სააპელაციო კომისიას დამკვირვებლის რანგში ესწრება სტუდენტური თვითმმართველობის წარდგინებით შექმნილი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ესწრებოდა სპორტული ტურის მიმდინარეობას.
  8. სააპელაციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს:
    • საბოლოო შედეგებში ასახული ქულის ცვლილება, უწყისში არსებული ქულის შესაბამიად;
    • შედეგებში ქულის უცვლელად დატოვება.
  9. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით ფორმდება ოქმით და ეგზავნება აბიტურიენტს/პირს/სტუდენტს განაცხადში მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.


მუხლი 13. სპორტული ტურის საბოლოო შეფასების დოკუმენტები

  1. სპორტული ტურის დასრულების შემდეგ და სააპელაციო კომისიის მიერ აბიტურიენტთა/პირთა/სტუდენტთა პრეტენზიების განხილვიდან და გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, სპორტული ტურის კომისიის თავმჯდომარე რექტორს წარუდგენს კონკურსგავლილი აბიტურიენტების/პირების/სტუდენტების სიას საბოლოო შედეგების მითითებით არაუგვიანეს შესაბამისი წლის 26 ივნისისა და შედეგები გამოქვეყნდება საჯაროდ.
  2. სპორტული ტურის შედეგები ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე აბიტურიენტის/პირის/სტუდენტის პირადი ნომრის ბოლო ხუთი ციფრისა და შესაბამისი პირის მიერ მიღებული ქულების მითითებით.
  3. სპორტული ტურის კონკურსის შედეგები შესაბამისი წლის 30 ივნისამდე ეგზავნება სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფორმით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
    • აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საიდენტიფიკაციო კოდი;
    • აკადემიური პროგრამის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება;
    • აბიტურიენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;
    • სპორტული ტურის კონკურსზე მიღებული ქულა;
    • სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია.
  4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისათვის, სპორტული ტურის კონკურსის შედეგები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ეგზავნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.


მუხლი 14. დასკვნითი დებულებები

  1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. დებულებას განიხილავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.