მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამდივნო (შემდგომში სამდივნო), არის დამხმარე სტრუქტურული ერთეული.
- სამდივნოს უფლებამოსილებანი, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზაცია განისაზღვრება ამ დებულებით.
- სამდივნო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით.
- ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დებულებას წარუდგენს აკადემიურ საბჭოს, რომლის წარდგინებითაც დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
- სამდივნო მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან.
- სამდივნო კომპეტენციების დარგლებში, შესაბამისად ექვემდებარება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მართვის ორგანოებს/მმართველ სუბიექტებს და ანგარიშვალდებულია მათ წინაშე.
მუხლი 2. სამდივნოს ფუნქციები და ამოცანები
- სამდივნოს ფუნქციები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებითა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით.
- სამდივნო ახორციელებს ამ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მართვის ორგანოების/მმართველი სუბიექტების საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურების უზრუნველყოფას, მათი საქმიანი კორესპონდენციის მართვას.
- სამდივნოს ამოცანას წარმოადგენს ამ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მართვის ორგანოების/მმართველი სუბიექტებისათვის, მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა.
მუხლი 3. სამდივნოს სტრუქტურა და მართვა
- სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რექტორთან შეთანხმებით.
- სამდივნო დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას ანგარიშვალდებულია ამ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მართვის ორგანოების/მმართველი სუბიექტებისათვის წინაშე.
- უნივერსიტეტის საშტატო განრიგით სამდივნოსთვის განსაზღვრული თანამდებობებია: სამდივნოს უფროსი, მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი.
- სამდივნოს უფროსის წარდგინებით სამდივნოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
- სპეციალისტების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებითა და სამუშაო აღწერილობებით.
მუხლი 4. სამდივნოს უფროსი სამდივნოს უფროსის უფლება-მოვალეობები
- უზრუნველყოფს სამდივნოს გამართულ ფუნქციონირებას;
- აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით ადგენს სხდომის გამართვის თარიღს, სხდომის დღის წესრიგის პროექტს და თანდართულ პროექტებთან და სხვა მასალასთან ერთად აწვდის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებს;
- წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომის გამართვის თარიღს, სხდომის დღის წესრიგის პროექტს და თანდართულ პროექტებთან და სხვა მასალასთან ერთად აწვდის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს;
- ორგანიზებას უწევს შესაბამისი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტისა და მიღებული დადგენილებების უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;
- ვალდებულია აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების სხდომის ოქმები მიაწოდოს დროულად (გამართვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა) უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურული ერთეულებსა და პირებს;
- უზრუნველყოფს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების საქმისწარმოებას: სამსახურეობრივ მიმოწერას, სხდომის ოქმების, დადგენილებების, წარდგინებების, განცხადებების აღრიცხვას და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ შენახვას;
- პასუხისმგებელია აკადემიური და წარმომადგენლობთი საბჭოების ბეჭდების (ასეთის არსებობის შემხვევაში) გამოყენებაზე და შენახვაზე;
- უზრუნველყოფს აკადემიური და წარმომადგენლობთი საბჭოების კომპეტენციას მიკუთვნებული ინფორმაციის (სამართლებრივი აქტების), პროაქტიულ გამოქვეყნებას (საჯარო ინფორმაცია) უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
- აწარმოებს აკადემიური და წარმომადგენლობთი საბჭოების წევრთა საკონტაქტო მონაცემების შეგროვებას და შენახვას, ასევე მათი სხდომაზე გამოუცხადებლობის მონაცემების სტატისტიკურ აღრიცხვას;
- ვალდებულია აკადემიურ და წარმომადგენლობთი საბჭოებს დამატებით წარუდგინოს წლიური გაერთიანებული ანგარიში მიღებული დადგენილებების/გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ;
- ვალდებულია გაანაწილოს ფუნქციები თანამშრომლებს შორის და გარკვეული პერიოდულობით ჩაიბაროს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ;
- ახორციელებს დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასებას;
- უზრუნველყოს რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის საქმიანი აქტივობების ორგანიზება, განახორციელოს უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მესამე პირებთან საქმიანი კომუნიკაციის ორგანიზება;
- უზრუნველყოს რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მითითებით საქმიანი კორესპონდენციის განხილვა, მათ მიერ ამ დავალების ზეპირი ან წერილობითი სახთ მიღების შემთხვევაში;
- ვალდებულია ჩააბაროს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
- ასრულებს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებებს.
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. სამდივნოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამდივნოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.