Georgian State
University of Sport

სამართლებრივი აქტები
მთავარი ჩვენს შესახებ სამართლებრივი აქტები სამეცნიერო კვლევითი სამსახურის დებულება

სამეცნიერო კვლევითი სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) სამეცნიერო კვლევითი სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში  ხელმძღვანელობს  საქართველოს  კანონმდებლობით,  საქართველოს  კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
  3. სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.

 

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

  1. სამსახურის ამოცანაა:
    • ხელი შეუწყოს აკადემიური პერსონალის კვლევითი საქმიანობის განვითარებისათვის საჭირო გარემოს შექმნას, მათ შორის:
      • კვლევით პრიორიტეტებთან შესაბამისი ინდივიდუალური და ჯგუფური ინიციატივების წახალისებას;
      • აკადემიური პერსონალის მოტივაციასა და პროფესიულ ზრდას კვლევით საქმიანობაში ჩართულობის გზით;
      • კვლევითი შედეგების პუბლიკაციის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მხარდაჭერას;
      • აკადემიური პერსონალის ჩართულობას საერთაშორისო კვლევით პროექტებში;
    • ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობას ადგილობრივ საგრანტო და სხვა ტიპის კვლევით პროექტებში;
    • მართოს და შეაფასოს საგრანტო დაფინანსებასთან (გარე და შიდა) დაკავშირებული შიდასაუნივერსიტეტო პროცესები; უზრუნველყოს უნივერსიტეტის შიდა მექანიზმებით სამეცნიერო კვლევის მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინაცია;
    • უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საბაზისო და სამეცნიერო კვლევითი უნარ-ჩვევების სწავლება; ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით პროექტებში.
  2. სამსახურის ფუნქციებია:
    • უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი განვითარების სტრატეგიის განხორციელების კოორდინირება;
    • სამეცნიერო/საგრანტო კვლევების და შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობა;
    • უნივერსიტეტის შიდა საგრანტო კონკურსში წარდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შეფასების მიზნით საგრანტო კომისიის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
    • უნივერსიტეტის საგრანტო პროექტების ფარგლებში მიმდინარე კვლევების მონიტორინგი;
    • სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, არსებული კავშირების შენარჩუნება და განვითარება;
    • სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ბაზაზე შესრულებული კვლევითი პროექტების შედეგების საფუძველზე მომზადებული სტატიების ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნების ხელშეწყობა;
    • უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მუდმივი და დროული ინფორმირება ადგილობრივი (მათ შორის უნივერსიტეტის) და საერთაშორისო კონფერენციებისა თუ საგრანტო კონკურსების გამოცხადების და მათში მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ;
    • ღია ლექციების ორგანიზება და ჩატარება;
    • უნივერსიტეტში სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
    • სამეცნიერო კვლევებში ჩართვის სურვილის მქონე სტუდენტთა შერჩევა გასაუბრებისა და მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე;
    • სამეცნიერო-კვლევით სფეროში გამორჩეულ სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მიღწევების აღიარება, მათი წახალისება/დაჯილდოების შესახებ რექტორისათვის რეკომენდაციების წარდგენა;
    • სტუდენტთა სამეცნიერო უნარ-ჩვევების სწავლებისათვის შესაბამისი გარემოს და სათანადო აღჭურვილობის უზრუნველყოფა;
    • ეროვნული სამეცნიერო ფონდის/ფონდების და ასევე ადგილობრივი ფონდებს მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტების ადმინისტრირება და ხელშეწყობა.

 

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები

  1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მის წინაშე;
  2. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და ამ პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ;
  3. სამსახურის შემადგენლობაში შედიან სპეციალისტები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე. მათი უფლება/მოვალეობები და ფუნქციები განსაზღვრულია მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებითა და სამუშაო აღწერილობით.

 

მუხლი 4. სამსახურის უფროსი

  1. სამსახურის უფროსი:
    • ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
    • ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
    • პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
    • აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ ფუნქციების შესრულებას; ე) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;
    • პერიოდულად სამსახურის თანამშრომლებისგან ისმენს ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
    • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
    • უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ წლიურ ან/და წელიწადში ორჯერ ანგარიშს;
    • უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
    • თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სახელით გასცემს დასკვნებს;
    • შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
    • ასრულებს რექტორის მითითებებს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

 

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

  1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  3. დებულება ძალაშია საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან;
  4. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში.