Georgian State
University of Sport

სამართლებრივი აქტები
მთავარი ჩვენს შესახებ სამართლებრივი აქტები უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, მიზანს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანებით  დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით“, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
  3. სამსახურის საქმიანობა დაფუძნებულია უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურებთან უწყვეტ კოორდინირებულ მუშაობაზე.
  4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.

 

თავი II. სამსახურის საქმიანობის მიზანი, სფერო, ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის მიზანი, სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

  1. სამსახურის მიზანი და სფერო:
    • სამსახურის მიზანია უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკის და სახელმძღვანელო სტანდარტების შექმნა, რათა ხელი შეეწყოს სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას/განხორციელებას, სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის პროცესების ეფექტურად დაგეგმვას, შეფასებასა და მუდმივ განვითარებას.
    • უნივერსიტეტში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეფექტიანი შიდა ხარისხის სისტემის შექმნა და მუდმივი გაუმჯობესება, გარე აქტორებთან კომუნიკაციით მიღებული უკუკავშირის გაანალიზება და გარე შეფასების ხელშეწყობა.
  2. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
    • უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა; ბ) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასება;
    • უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავება, მათ შორის – საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით;
    • სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
    • რეკომენდაციების შემუშავება უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის სრულყოფის მიზნით;
    • ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესების ორგანიზება;
    • საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთაშორისო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა.
  3. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
    • შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/თანამდებობის პირებთან ერთად, უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავება;
    • უნივერსიტეტის შეუფერხებელი და ეფექტიანი საქმიანობის მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
    • ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის თვითშეფასების პროცესის ხელმძღვანელობა;
    • სამეცნიერო-კვლევით სამსახურთან ერთად აკადემიური პერსონალის სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის/ეფექტურობის შეფასების სისტემის შემუშავება და შეფასების განხორციელებაში მონაწილეობა;
    • შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, აკადემიური/მოწვეული პერსონალის აკადემიური საქმიანობის ეფექტიანი შეფასების სისტემის შემუშავება და განხორციელება;
    • ავტორიზაცია/აკრედიტაციის მოთხოვნებისა და ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების შესაბამისად განხორციელებული ანალიზის საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების განახლების ან/და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება, ფაკულტეტებთან თანამშრომლობა საჭირო ცვლილებების განხორციელების მიზნით;
    • საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ეტაპზე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
    • ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების შეტანის, პროგრამის განახლების ან ახალი პროგრამის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და აკადემიური საბჭოსთვის შესაბამისი დასკვნის მომზადება;
    • ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
    • უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
    • კავშირის დამყარება და თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;
    • რეკომენდაციების შემუშავება განხორციელებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის/თანამდებობის პირებისთვის წარდგენა, სტრუქტურული ერთეულების მიერ რეკომენდაციების საპასუხოდ განხორციელებული რეაგირებების შეფასება, ან/და დაგეგმილი რეაგირებების შესრულების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რეკომენდაციების გაზიარება;
    • უნივერსიტეტის ორგანიზაციული სტრუქტურისა და მართვის, სტუდენტების მხარდაჭერის სერვისების, პერსონალის მართვის, კვლევების, განვითარებისა და სხვა შემოქმედებითი საქმიანობის, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების შესაბამისობის დადგენა ავტორიზაციის სტანდარტებთან უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან, პასუხისმგებელ პირებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;
    • უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა აკრედიტაციის სტანდარტებთან უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან, პასუხისმგებელ პირებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;
    • ქართულ ენაში მომზადების, მასწავლებლის მომზადების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით; საგანმანათლებლო პროგრამების ანალიზი დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების ანალოგიურ პროგრამებთან მიმართებაში;
    • სტუდენტებისა და პერსონალის ( აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე და სხვ.) გამოკითხვის კითხვარების შემუშავება, გამოკითხვის ორგანიზება, გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება გამოვლენილი პრობლემების მოგვარების მიზნით;
    • ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის რეკომენდაციების შემუშვება სტუდენტების კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებით;
    • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის შევსების წესის შემუშავებასა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართის შედგენისა და მომზადების პროცესის ზედამხედველობა;
    • მსოფლიოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო რანჟირების სისტემაში უნივერსიტეტის მონაწილეობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურებთან და პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობით;
    • ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციური საქმიანობის განმსაზღვრელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შემუშავება;
    • აკადემიური საბჭოს დადგენილებების და რექტორის სამართლებრივი აქტების პროექტებისათვის წინადადებების შემუშავება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
    • მონაწილეობა სასწავლო პროცესთან, სამეცნიერო კვლევებთან, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების პროცესში;
    • სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
    • სამსახურის თანამშრომლებს შორის (არსებობის შემთხვევაში), ფუნქციების გადანაწილება და შესაბამის მითითებების/ დავალებების მიცემა;
    • სამსახურში მომზადებულ დოკუმენტების ვიზირება;
    • სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებს პასუხის მომზადება;
    • უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებების წარდგენა;
    • თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სახელით დასკვნების გაცემა;
    • სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე შუამდგომლობა/რეკომენდაცია.
    • უნივერსიტეტის წესდებით, რექტორის სამართლებრივი აქტებით, აკადემიური საბჭოს დადგენილებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.

 

თავი III. სამსახურის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

  1. სამსახური  არის  უნივერსიტეტის  მართვის  ორგანო,  რომელსაც  ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
  2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება 4 წლის ვადით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისთვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
  3. უნივერსიტეტის საშტატო განრიგით სამსახურისათვის განსაზღვრული თანამდებობებია: სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი.
  4. სამსახურის მოადგილეს და სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
  5. სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით – 2 დღეზე მეტი ვადით არყოფნა), აგრეთვე სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან მთავარი სპეციალისტი.
  6. სამსახურის მთავარი და უფროსი სპეციალისტების ფუნქციები განისაზღვრება მათი სამუშაო აღწერილობებით.

მუხლი 4. სამსახურის უფროსი

  1. სამსახურის უფროსი:
    • ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
    • წარმართავს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებულ საქმიანობას;
    • წარმართავს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავების პროცესს, მათ შორის – საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით;
    • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ასევე ამ საქმიანობაში ჩართული პერსონალის განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას;
    • ორგანიზებას უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესებს; ვ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; ზ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
    • აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ ფუნქციების შესრულებას;
    • პერიოდულად სამსახურის თანამშრომლებისგან ისმენს ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ;
    • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; კ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;
    • უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სახელით გასცემს დასკვნებს;
    • შუამდგომლობს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
    • წარმოადგენს სამსახურს უნივერსიტეტის სხვა მართვის ორგანოებთან, ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ხოლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობისას;
    • ხელმძღვანელობს სამსახურის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებასა და მათ შესრულებას;
    • თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
    • უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტების შერჩევის პროცესში;
    • ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

თავი IV. დასკვნითი დებულებები

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.