Georgian State
University of Sport

სამართლებრივი აქტები
მთავარი ჩვენს შესახებ სამართლებრივი აქტები დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულება

თავი I ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

  1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებსა და ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.


მუხლი 2

  1. სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“, უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
  2. სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე და ასრულებს მის მითითებებსა და დავალებებს.


თავი II სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 3.

  1. სამსახურის ამოცნები
    • სამსახურის ძირითადი ამოცანაა წესრიგისა და უნივერსიტეტის კუთვნილი მატერიალური ქონების დაცვა, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  2. სამსახურის ფუნქციები:
    • უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის, მატერიალური ფასეულობებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
    • წესრიგისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაცვა უნივერსიტეტის შენობებისა და ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე; წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება;
    • უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მასობრივი ღონისძიებების (სპორტული, კულტურული, საჯარო შეხვედრები და სხვ.) დროს უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზება;
    • ხანძრის, ბუნებრივი კატასტროფების, ძალადობრივი ან დესტაბილიზაციის რისკის შემცველი ინციდენტების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების დროული ინფორმირება;
    • კოორდინაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროს ორგანოებთან (შსს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვ.);
    • უნივერსიტეტის     შიდა    წესების,    დისციპლინური     რეგულაციებისა     და    უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი – სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების ფარგლებში;
    • დაცვითი პუნქტების, მორიგე პერსონალის მობილიზება, გადანაწილება და მათი საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
    • საფრთხისა და საფრთხის შემცველი ფაქტორების შესწავლა;
    • საფრთხისა და რისკის შემცველი ფაქტორების იდენტიფიცირება;
    • საფრთხეების     პრევენციისა     და     რისკების     შემცირების     ღონისძიებების     დაგეგმვა     და განხორციელება;
    • რისკების პრევენციისთვის საჭირო ორგანიზაციულ-საკონტროლო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
  3. უნივერსიტეტის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სამსახური უფლებამოსილია არ დაუშვას უცხო პირი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ან სპეციალური საშვის გარეშე გამოიყენოს შესაბამისი ღონისძიებები წესრიგის დამრღვევის მიმართ, თუ იგი არ ემორჩილება უნივერსიტეტის შინაგანაწესით და წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს პოლიციას.
  4. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები.


    თავი III სამსახურის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები

    მუხლი 4.

    1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სპეციალისტებისგან (გუშაგი, შენობის ადმინისტრატორი).
    2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
    3. სამსახურის სპეციალისტებს სამსახურის უფროსის რეკომენდაციით, რექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
    4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა) მის მოვალეობას ასრულებს პირი, რომლის კანდიდატურა შეთანხმებული იქნება რექტორთან ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.


    მუხლი 5.

    1. სამსახურის უფროსი:
      • კოორდინაციას უწევს და წარმართავს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას, პასუხისმგებელია ამ სამსახურის მუშაობის ეფექტურობაზე
        უზრუნველყოფს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და საჭიროებისამებრ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან;
      • თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს თანამშრომლების მიმართ დისციპლინარული ზემოქმედების ზომებს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით;
      • პერიოდულად ატარებს თათბირებს, რათა დროულად იქნეს გამოვლენილი და აღკვეთილი დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში არსებული შესაძლო ხარვეზები;
      • უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წინაშე სვამს საკითხებს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ;
      • საჭიროების შემთხვევაში ატარებს სამსახურეობრივ მოკვლევას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
      • განიხილავს და ამტკიცებს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის გეგმებს, აჯამებს და შესაბამის შეფასებას აძლევს ამ სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას;
      • ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
    2. სპეციალისტი (გუშაგი, შენობის ადმინისტრატორი):
      • უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას უნივერსიტეტში;
      • აკონტროლებს უცხო პირთა უნივერსიტეტში შესვლას მხოლოდ შესაბამისი პროცედურის დაცვით;
      • უზრუნველყოფს უნივერსიტეტის შიგნით უწესრიგობისა და ხმაურის აღკვეთას;
      • ახორციელებს სასწავლო უნივერსიტეტის ქონების დაცვას და გაფრთხილებას;
      • საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან კონფლიქტური სიტუაციების შემთხვევაში იღებს ზომებს მათ აღსაკვეთად, საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს სათანადო სამსახურებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია;
      • ზრუნავს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე;
      • ასრულებს ამ დებულებით, შინაგანაწესით, სამსახურის ხელმძღვანელის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.


    თავი IV დასკვნითი დებულებები

    მუხლი 6.

    1. დებულებაში    ცვლილებებისა    და    დამატებების    შეტანა    ხორციელდება    საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    2. სამსაუხრის    რეორგანიზაცია    და    ლიკვიდაცია    ხორციელდება    საქართველოში    მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    3. დებულება       ძალაშია       საქართველოს       სპორტის       სახელმწიფო       უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან.
    4. დებულება ძალას კარგავს ახალი დებულების დამტკიცების ან/და სამსახურის ლიკვიდაციის შემთხვევაში.