ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი წარმოადგენს საქართველოში უნიკალურ საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრს, რომელიც მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ფიტნესის, სარეაბილიტაციო მედიცინისა და ფიზიკური აქტივობის მეცნიერების სფეროებში. სასწავლო პროგრამები ეფუძნება მტკიცებულებებზე დამყარებულ მიდგომებს და სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
ფაკულტეტი ამზადებს პროფესიონალებს, რომლებიც ფლობენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს ადამიანის ფუნქციური შესაძლებლობების შეფასების, ფიზიკური რეაბილიტაციის დაგეგმვისა და განხორციელების, ჯანმრთელობის რისკების პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარი-ზაციის მიმართულებებით. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეთიკურ პროფესიულ ქცევას, დამოუკიდებელი მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
სასწავლო პროგრამები
ფაკულტეტი ახორციელებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს:
- საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“: მიზნად ისახავს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროში კომპეტენტური კადრების მომზადებას. სტუდენტები ეუფლებიან ანატომიას, ფიზიოლოგიას, ბიომექანიკას, თერაპიულ ვარჯიშებს, ადაპტურ სპორტსა და სარეაბილიტაციო ტექნოლოგიებს. კურსდამთავრებულები მუშაობენ როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისე სპორტულ, სოციალური მომსახურებისა და საგანმანათლებლო სექტორებში.
- საბაკალავრო პროგრამა „ფიტნესი და ჯანმრთელობა“: ამზადებს სპეციალისტებს, რომლებიც ფლობენ ფიტნესის თანამედროვე თეორიებსა და პრაქტიკულ მეთოდებს, ფიზიკური შესაძლებლობების შეფასებისა და ველნეს პროგრამების მართვის უნარებს. კურსდამთავრებულები მუშაობენ ფიტნესისა და ჯანმრთელობის ცენტრებსა და ველნეს ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში.
- სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“: განკუთვნილია იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ საბაზისო პროფესიულ განათლებას და სურთ, შეისწავლონ კვლევის მეთოდოლოგია, ინოვაციური სარეაბილიტაციო ტექნოლოგიები და ინტერდისციპლინური მიდგომები. კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ კლინიკურ, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში, აგრეთვე განახორციელონ დამოუკიდებელი სამეცნიერო პროექტები.
დასაქმების შესაძლებლობები
ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ:
- სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრებში (სტაციონარული და ამბულატორიული პროფილით)
- სპორტულ დაწესებულებებსა და ფედერაციებში
- ფიზიკური მედიცინის და კინეზოთერაპიის კაბინეტებში
- ფიტნესისა და ველნეს ინდუსტრიაში
- საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში
- არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში
- მეწარმეობასა და საკონსულტაციო საქმიანობაში, მათ შორის დამოუკიდებელი სარეაბილიტაციო სერვისები
ჩვენი მისია
ფაკულტეტის მისიაა, შექმნას და განახორციელოს მტკიცებულებებზე დაფუძნე-ბული ინოვაციური სასწავლო პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას და ფიზიკური აქტივობის მდგრადი პრაქტიკის განვითარებას საზოგადოებაში.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეაბილიტაციაზე კლინიკურ და საზოგადოებრივ გარემოში, მათ შორის სპორტსმენების ფუნქციურ აღდგენასა და სპორტული რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომებზე. ფაკულტეტი უზრუნველ-ყოფს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითა-რებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
მოგესალმებით,
როგორც ფაკულტეტის დეკანი, ვამაყობ, რომ ჩვენი ფაკულტეტი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია. უმაღლესი სასწავლებლის, რომელსაც თითქმის 90-წლიანი ისტორია, მდიდარი აკადემიური ტრადიციები და სპორტულ მეცნიერებათა განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი ამშვენებს. ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ჩვენ ვაგრძელებთ ინოვაციური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელებას.
უკვე ექვსი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ფაკულტეტი წარმატებით ახორციელებს რეაბილიტაციის მიმართულებას. თავდაპირველად პროგრამა სამკურნალო ფიზიკური კულტურის სახელით ფუნქციონირებდა, ხოლო 2014 წლიდან განახლდა თანამედროვე აკადემიური სტანდარტების შესაბამისად და ჩამოყალიბდა როგორც „ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის“ საბაკალავრო პროგრამა.
2024 წელს ჩვენს საგანმანათლებლო პორტფელს დაემატა ახალი და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული მიმართულება – „ფიტნესი და ჯანმრთელობა“, რაც კიდევ უფრო აფართოებს ფაკულტეტის აკადემიურ და პროფესიულ შესაძლებლობებს და ზრდის სტუდენტებისთვის შეთავაზებული სასწავლო და კარიერული გზების მრავალფეროვნებას.
ჩვენი მისიაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციის, ფიტნესისა და ველნესის სფეროებში, რომლებიც შეძლებენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის, არამედ სპორტისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარებაში. ფაკულტეტის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რეაბილიტაციას კლინიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, სპორტსმენების ფუნქციური აღდგენისა და სპორტული რეაბილიტაციის თანამედროვე სტრატეგიების გამოყენებას.
დღეს, როდესაც სულ უფრო იზრდება მოთხოვნა რეაბილიტოლოგებზე, ფიტნესისა და ჯანმრთელობის სპეციალისტებზე, ჩვენი ფაკულტეტი გთავაზობთ მრავალმხრივ აკადემიურ გარემოს. აქ თქვენ მიიღებთ ღრმა თეორიულ ცოდნას და, ამავდროულად, ფასდაუდებელ პრაქტიკულ გამოცდილებას კლინიკურ, სპორტულ თუ საზოგადოებრივ სივრცეებში.
გვწამს, რომ უმაღლესი განათლება სცილდება საბაზისო კომპეტენციების მიღებას. ამიტომ, ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ მონაწილეობას კვლევით პროექტებში, დამატებით კურსებსა და მრავალფეროვან აქტივობებში, რაც მათ პროფესიულ ხედვასა და კარიერულ შესაძლებლობებს აფართოებს.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩვენს ფაკულტეტზე გაერთიანებული არიან გამოცდილი, ერთგული და ინოვაციებზე ორიენტირებული პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ სტუდენტთა პროფესიულ განვითარებასა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფაკულტეტი გახდება თქვენი აკადემიური და პროფესიული წარმატების საწყისი წერტილი.
შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი დიდი და ძლიერი აკადემიური ოჯახის წევრი, სადაც ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთს ავსებს. ჩვენ ვქმნით საუკეთესო გარემოს ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და ფიტნესის სფეროში მომავალი ლიდერების მომზადებისთვის.