საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტებისთვის
მთავარი სტუდენტებისთვის სტუდენტური თვითმმართველობა

სტუდენტური თვითმმართველობა

სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის ორგანო, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ ცხოვრებაში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების უფლებების დაცვას, გაძლიეროს მათი კავშირი ადმინისტრაციასა და პედაგოგებს შორის, ასევე შექმნას პლატფორმა, სადაც სტუდენტები შეძლებენ საკუთარი ინიციატივებისა და იდეების განხორციელებას.

ძირითადი საქმიანობა

  1. სტუდენტების წარმომადგენლობა: სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს სტუდენტთა ინტერესებს უნივერსიტეტის ორგანოებში, როგორიცაა აკადემიური საბჭო, ადმინისტრაცია და სხვა კომიტეტები. ისინი მუშაობენ სტუდენტებისთვის ხელსაყრელი ცვლილებების დანერგვაზე, როგორიცაა სწავლის პირობების გაუმჯობესება, ახალი პროგრამების შემოტანა და სხვ.
  2. კულტურული და სოციალური ღონისძიებები: სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებაში. მათ შორისაა უნივერსიტეტის დღე, სპორტული ტურნირები, კონცერტები, პანელები და სხვადასხვა ფესტივალები, ეს ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სტუდენტურ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვას.
  3. სტუდენტების დახმარება: სტუდენტური თვითმმართველობა ეხმარება სტუდენტებს სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის არის სწავლის პირობები, დახმარება სემესტრის ბოლოს, როგორც სამაგისტრო ნაშრომებთან, ისე შუალედურ და დასკვნით გამოცდებთან დაკავშირებით. მათ ასევე შეუძლიათ სტუდენტებისათვის სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაწევა.
  4. პროექტები და ინიციატივები: სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და ინიციატივებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტისა და სტუდენტების განვითარება. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ტრენინგები, სოციალური პროექტები და სხვა.
  5. სტუდენტური კომუნიკაცია: სტუდენტური თვითმმართველობა პასუხისმგებელია სტუდენტების აქტივობებისა და ინფორმაციის გავრცელებაზე. ისინი უზრუნველყოფენ რომ ყველა სტუდენტი იყოს ინფორმირებული უნივერსიტეტის სიახლეების, ღონისძიებების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.


მიზანი

სტუდენტური თვითმმართველობის მიზანია სტუდენტების გაძლიერება, მათი ინტერესების დაცვა, უნივერსიტეტში  ეფექტური სასწავლო და სოციალური გარემოს შექმნა.

ძვირფასო სტუდენტებო!

ვერაფერს შეედრება ის პასუხისმგებლობა, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის როლის შესრულებას ახლავს. ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებ, რათა ვიყო თქვენი ხმა და ინტერესების დამცველი  ჩვენი უნივერსიტეტის წინაშე.

ჩვენი მთავარი მიზანი არის შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული სტუდენტი იგრძნობს თავს სრულფასოვან წევრად, მიიღებს ყველა საჭირო მხარდაჭერას და ხელსაყრელ პირობებს განათლების მიღებისთვის. სტუდენტური თვითმმართველობა უნდა იყოს პლატფორმა, სადაც სტუდენტები შეძლებენ, აკადემიური საკითხების გარდა, განიხილონ სხვა და სხვა კულტურული თუ სოციალური საკითხი და მათთვის საინტერესო თემები.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ უნივერსიტეტის ყველა გადაწყვეტილება, ღონისძიება და ინიციატივა სტუდენტებისთვის იყოს მაქსიმალურად ფოკუსირებული და ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიყოთ ხიდი სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის, ასევე, ჩვენს ხელთ არსებული რესურსები მოვახმაროთ უნივერსიტეტში მაქსიმალური სიახლეების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, ტრენინგებისა და ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.

გიწვევთ  სტუდენტებს, რათა გახდეთ ჩვენი იდეების აქტიური თანამონაწილენი და შეიტანოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები  სტუდენტური ცხოვრების მხიარულად და საინტერესოდ წარმართვაში.  ერთად შევქმნათ უკეთესი გარემო ჩვენი უნივერსიტეტისა და თითოეული სტუდენტის წარმატებისთვის!

მზად ვარ, ვიყო თქვენ გვერდით, რომ თქვენი სურვილები და კრეატიული იდეები განხორციელდეს!